სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვერ დაინახა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების თაობაზე ყველა გადაწყვეტილება არის რთული და ძალიან მტკივნეული.
„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა – დღევანდელმა მთავრობამ. არასოდეს ვიქნები ანგარიშვალდებული. მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. მუდამ, როდესაც კითხვა იყო, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილიც ვიყავი და მადლიერება ყოველთვის გამოვთქვი, რადგან, მგონი, ესეც არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას. ძალიან არასწორი გაგება არის დემოკრატიის, პრეზიდენტის. ვინმე თუ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება, პრეზიდენტი არჩევის მომენტიდან ხდება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული და მგონია, რომ საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით, რათა თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს. ერთგვარად, ორივე მხარე.
რეალურად, საქართველოში სივრცე არის სულ სხვა. არის დიდი უმრავლესობა, რომელიც არ ემხრობა არც დღევანდელ მთავრობას, არც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს მეტ-ნაკლებად დაქსასულია და უნდა სხვა რამ - განახლება. როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს არ არის მხოლოდ საქართველო. რამდენიმე წლის შემდეგ და მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, არის ეს მოთხოვნა, რომ მინდა, განახლდეს, მინდა, სხვა რამ დავინახო. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის ეს დიდი უმრავლესობა, მე რაც ვნახე, ის რეაქციები, ის, რაც მოვიდა და შევიდა, იცით ალბათ, რომ ჩემი „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ ღიაა, ყველაფერს ვკითხულობ, ვიღებ, თუნდაც ლანძღვას. მე ვერ ვნახე, რომ ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. მე ასე მიმაჩნია და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო. ისიც მინდა, გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე. კარგად მახსოვს. მე თუ შევიწყალე – ამ მეხსიერებითაც. მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა. გუშინ რაც ითქვა პარლამენტში, ეს არ არის ჟურნალისტი. ეს არის პარლამენტარი, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, უხამსი სიტყვებით ახსენოს პრეზიდენტი. ესეც მოვითმინე. სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო.
რა პოლარიზაციის გაღრმავება? ისედაც არის ეს ქვეყანა მაქსიმალურად პოლარიზებული და თუ მოვისმენთ პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? მგონია, რომ არ შეიძლება. თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ეს ერთი საკითხი არ არის ის, რაც იქიდან აქეთ გადაწყვეტს, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა თავი შევიკავოთ, შევცვალოთ რიტორიკა, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს და შეიძლება, რაღაც გამოგვივიდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.