ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება, სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, დეოლიგარქიზაცია, მედია გარემო, ადამიანის უფლებები - 12 რეკომენდაციის ყველა პუნქტზე სახელისუფლებო პარტიის ლიდერმა დეტალურად ისაუბრა. დეოლიგარქიზაციის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ყველა საკითხს მიღებული აქვს. ახლა წინ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ზეპირი ანგარიშის მიხედვით მომზადებული 18 მოთხოვნის შესრულებაა. საკუთარი მუშაობით მმართველი პარტია კმაყოფილია და სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში წლის ბოლოს სტატუსსაც ელოდება.
ბრიუსელის 12 დავალებიდან ყველაზე რთულად შესასრულებელი ევროკომისიის რიგით პირველი რეკომენდაცია-დეპოლარიზაციის საკითხი აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე, მხოლოდ მმართველი პარტია ვერ იზრუნებს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ოპონენტების ვალდებულებაცაა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა.
რა გავლენა ექნება სტატუსის მინიჭებას პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე, სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებზე და სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე - კითხვა ირაკლი კობახიძეს "რუსთავი 2-მა" დაუსვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სტატუსი დეპოლარიზაციას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.
მმართველი პარტიის შეფასებით, 12-პუნქტიდან ამ დროისთვის, ოფიციალურად 11 მზადაა. ერთადერთი საკითხი, რომელიც ღიაა, დეოლიგარქიზაციას ეხება. "პერსონალური თუ სისტემური" - რომელი მიდგომა უნდა იყოს შერჩეული, ჯერ შეთანხმება ვერ ხერხდება. 2 მოსმენით მიღებული პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღო. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ევროკომისიისგან ელოდება.
ირაკლი კობახიძის და მედიის წარმომდგენლების შეხვედრა დღეს 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარის პრეზენტაციას სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.