15 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ხელოვნური დაბრკოლებით, მცირე დროით გადაიდო პროექტის განხილვა, კოდექსი იქნება მიღებული სულ მალე - ირაკლი ბერაია თავდაცვის კოდექსზე

მმართველი გუნდის განცხადებით, რიგგარეშე სესია, სადაც თავდაცვის კოდექსს განიხილავენ, მმართველი გუნდის მობილიზაციისთანავე,უახლოეს პერიოდში ჩატარდება.

საკითხის მეორე მოსმენით კენჭისყრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა ის კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. მიზეზი რეგისტრაციაზე ოპოზიციის დიდი ნაწილის უარი გახდა.

პარტია „გირჩის“ ლიდერი თავდაცვის კოდექსს "ბოროტ კანონპროექტს" უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა ხელი შეუშალოს კანონის მიღებას.

„საერთოდ თუ არ განიხილება და შეწყდება თავდაცვის კოდექსის განხილვა, უკეთესი იქნება ყველასთვის. არაფერზე არ დაგველაპარაკნენ და უტიფრად უნდათ გაიტანონ, ყოველგვარი პროცედურების გარეშე, ჩვენთან ფიზიკური შეხების ხარჯზე, გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირი საშუალებით, რითაც შეგვეძლება ხელი შევუშალოთ ამ ბოროტი კანონის მიღებას“, - განაცხადა იაგო ხვიჩამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ თავნებობის საპასუხოდ გადადგა.

„ეს იყო პროცედურული პასუხი „ქართული ოცნების“ იმ თავნებობის, რაც ამ დღეების მანძილზე ხდებოდა პარლამენტში, ერთის მხრივ, უპასუხო კითხვები, მეორეს მხრივ მუხლობრივ შენიშვნებზე უარის თქმა და მესამეს მხრივ, თავდაცვის კოდექსის რიგგარეშე სესიამდე მოცდა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური ბარიერის შექმნა არ გაჰკვირვებია და კოდექსი სულ მალე მაინც იქნება მიღებული.

„ნამდვილად არ იყო ეს გასაკვირი ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან „გირჩის“ მხრიდან, რომელიც ქვეყნის თავდაცვას უწოდებს მონობას, ჯარისკაცებს უწოდებს მონებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა ომის დაწყება, რეგიონები ჩააბარა ოკუპანტებს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მდიდრდებოდა ქართული ჯარის ძარცვის შედეგად. ხელოვნური დაბრკოლებით მოხდა პროექტის განხილვის ძალიან მცირე დროით გადადება. კოდექსი იქნება მიღებული სულ მალე და ჩვენს ქვეყანას ექნება გამართული და ჯანსაღი, NATO-თან თავსებადი სამართლებრივი ბაზა, თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები