48 საათიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის ტერიტორია საქართველოს ელჩმა უკვე დატოვა. გიორგი ზაქარაშვილს თბილისში ელოდებიან. ოფიციალური კიევის მოწოდება მხოლოდ ქვეყნის დატოვების ნაწილში შესრულდა. ქართული მხარე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები გამართოს.
ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება სახელისუფლებო ძალისთვის უსამართლოსთან ერთად უსაფუძვლოცა. ”ქართულმა ოცნებამ”კიევის პოზიციაში სხვა ინტერესი დაინახა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ცვლილების გარდა, მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის პირველი პირის პოზიცია საქართველოში სიტუაციის დაძაბვას შუწყობს ხელს.
ზელენსკის გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობების ნეგატიურ ჭრილში გადასვლაა გიორგი ზაქარაშვილისთვისაც. უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევიდან ბოლო ინტერვიუ ”რუსთავი 2”-ს და თოქ შოუ "ღამის კურიერს" მისცა. დიპლომატი ამბობს, რომ როგორც მისთვის, ასევე მისი უკრაინელი კოლეგებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია.
კიევის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის გასაგებიცაა და მისაღებიც. პარტიებში მიაჩნიათ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაცვას ცდილობს. უკავშირდება თუ არა ზელენსკის ბოლო განცხადება მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორს, თუ მის მიღმა სხვა პოლიტიკური მოტივი დგას - ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დიპლომატიური ბზარი ჯერ კიდევ 2014 წლიდან გაჩნდა.
ოფიციალურ კიევზე ნაციონალური მოძრაობის აზრით, გავლენა "ქართული ოცნების" პოლიტიკამ მოახდინა.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია. ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა ეცნობებინათ ქართველი ელჩისთვის, რომ 48 საათის განმავლობაში მას კიევი უნდა დაეტოვებინა და სააკაშვილის საკითხზე თბილისში კონსულტაციები გაემართა. გიორგი ზაქარაშვილი 21 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში არა ერთ პოზიციას იკავებდა, 2021 წელს კი უკრაინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.