15 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ეს არის კრიპტოვალუტის მითვისება, რომელიც გამომუშავებული იყო ამ ინვესტიციის ფარგლებში - ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში საკმაოდ მოცულობითი საქმის მასალებია. მისივე განცხადებით, რეალურად, შეთანხმება იყო მოგების პროპორციულად განაწილებასთან დაკავშირებით, ინვესტიციის შესაბამისად. 

"საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან - ეს არის კრიპტოვალუტის მითვისება, რომელიც გამომუშავებული იყო ამ ინვესტიციის ფარგლებში და შემდეგ ამ აქტივის ლეგალიზაციასთან. გამოძიება დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, როცა ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, შესაბამისად მოხდა სამართლებრივი რეაგირება. როდესაც ჩვენ მოგვმართა დაზარალებულის წარმომადგენელმა, ბუნებრივია, დავიწყეთ გამოძიება. ინვესტიციის განხორციელება ორივე შემთხვევაში სესხის სახით მოხდა როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის შემთხვევაში და ეს დოკუმენტურად დადასტურებუალი,"- აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე. 

საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა.

ბაჩიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მის სიმართლეს ბოლომდე დაიცავს.

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

საუბარია ბიტკოინის "მაინინგზე", სადაც ინვესტორმა 5 მილიონი დოლარი ჩადო ბრალდებულმა კი, მილიონ სამასი ათასი. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, 2 წლის შემდეგ, ინვესტორმა მოგების სახით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო, ბაჩიაშვილმა კი თითქმის 40 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

თანაინვესტირების ფონდში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია. მოსამართლემ დღეს ოქმის წაკითხვისას დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბრალდება ბაჩიაშვილს "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ფონდი 2013 წელს დაფუძნდა და მისი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას გიორგი ბაჩიაშვილი 6 წლის მანძილზე იკავებდა. ბოლოს კი, ის იმავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტა სხვადასხვა საფულეზე გადაიტანა და მრავალმხრივი ოპერაციებით, მათ შორის თანხის განაღდებითა და ქონების შეძენით,  ბიტკოინის წარმოშობის წყარო დამალა, რითაც მას აქტივების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა მიეცა.

 

 

 

დღის ამბები