პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით შეცვალონ ხელისუფლება.
პაპუაშვილის განმარტებით, "მიხეილ სააკაშვილთან და სანქციებთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილის მიზანია, კონსპირაციების შექმნა, დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, მდგომარეობის არევა იმისთვის, რომ ამღვრეულ წყალში, დემოკრატიის გვერდის ავლით, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩააბარონ ხელისუფლების სადავეები".
"ყველა ეს მოძრაობები დაკავშირებულია იმასთან, რომ რამენაირად დემოკრატიის გვერდის ავლით შეცვალონ ხელისუფლება. მათ, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება და მათი აბსოლუტური ძალაუფლების აღდგენა სურს, ყველამ დაინახა, რომ ქართველი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება. არასდროს არ მოხდება საქართველოში, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხი მისცემს ხელისუფლების მანდატს. ამიტომ, მათთვის ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლა, არჩევნების გვერდის ავლა, გარკვეული არეულობისა და რევოლუციური სცენარების შექმნა.
ყველა ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ყალბ, დეზინფორმაციულ კამპანიებთან და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს დეზინფორმაცია მოდიოდა დასავლეთიდან, ვნახეთ დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, წელიწადნახევარი ტყუილს ჰყვებოდა. უცხოელი პოლიტიკოსები და უცხოური მედია ტყუილს ამბობდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ერთი წელია ტყუილს ამბობდა ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი და მედია სანქციებთან დაკავშირებით. ორი ტყუილი რომელიც მთელს მსოფლიოს მოსდეს, ამ ინფორმაციის მიზანია კონსპირაციების შექმნა, დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, მდგომარეობის არევა იმისთვის, რომ ამღვრეულ წყალში, დემოკრატიის გვერდის ავლით, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩააბარონ ხელისუფლების სადავეები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.