უკრაინის ხელისუფლებამ "წინააღმდეგობის გზა აირჩია" - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამოკიდებულებას კაპრიზი უწოდა. მან უკრაინის ხელისუფლების ქმედებები შეაფასა როგორც არასწორი.
"სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული წინააღმდეგობის, იმ მხრივ, რომ როდესაც ერთ ადამიანზე დებენ მთელი ერების ურთიერთობას თავიანთი გადმოსახედიდან.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს და ეს არის კაპრიზი, როდესაც სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არის დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, ერთიც დამტკიცებულია და მეორეც, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით მოთხოვნა გადაყვანის და ა.შ.
ახალი არ არის ეს დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს მიმართ ჰქონდა, მათ დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით. ეს მოცემულობა აქამდეც იყო, თუმცა ჩვენ მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ უკრაინა არის ომში, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს სჭირდება დახმარება. ეს ომი დასრულდება და შემდეგ, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებასთან ყველა ამ საკითხზე გვექნება მკაფიო საუბარი.
საქართველოს ოპოზიციაში არავინ უნდა იყოს, როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოკიდებულება, ყველა უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართველი, ვინც მიიჩნევს თავს საკუთარი ქვეყნის პატრიოტად, უნდა იყოს ერთიანი იმ პოზიციაში, რომ ასეთი რამ მიუღებელია," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა უკრაინის ტერიტორია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიცემული ვადის ამოწურვამდე დატოვა. თუმცა საქართველოში გიორგი ზაქარაშვილი მხოლოდ რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გიორგი ზაქარაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების მიზეზით, უკრაინის 48 საათში დატოვება რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა.