"მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სუსის ანგარიში, რომელიც უწყებამ საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა, უფრო "ქართული ოცნების" მხარდამჭერ დოკუმენტს ჰგავს. თუმცა, მისივე შეფასებით, დოკუმენტში სწორადაა შეფასებული ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია.
"ქართული ოცნების" მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს, არადა, როგორც გითხარით, სამაჩაბლოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში ფაქტებიც ძალიან სწორად არის დალაგებული, ანალიზიც, მოკლედ, პროფესიონალის ხელი ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩინოვნიკების ხელი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, სუსის ანგარიშის რაღაც ნაწილი ადეკვატურია, ნაწილში კი უწყება "ქართული ოცნების" რიტორიკას იყენებს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
"ანგარიში არის უმნიშვნელოვანესი იმ კუთხით, რომ საანგარიშო წელი ემთხვევა რუსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს და გამომდინარე საფრთხე საქართველოსთვის. ოკუპაციის ნაწილში ობიექტური მოცემულობაა აღწერილი, ის რომ მეორე ფრონტის დეზინფორმაციას რუსეთი იყენებს ანექსიის პროცესის გაძლიერებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა იმავე დროს იქვე წერია, რომ რადიკალური ძალები, ზუსტად იგივე ენაა გამოყენებული, რასაც "ქართული ოცნება" ყოველდღიურად გვთავაზობს, რომ საქართველოს ომში ჩართვას აპირებენ. ეს არის ურთიერთწინააღმდეგობრივი,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.
სუსი კანონმდებლებს ანგარიშს აბარებს - უწყების წარმომადგენელი მოგვიანებით უპასუხებს დეპუტატების კითხვებსაც. ანგარიში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საუბარია იმაზეც, თუ რა ხელისშემშლელი ღონისძიებები გატარდა 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად; ასევე, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს. გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ.