15 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
სუსის ანგარიში არ შეესაბამება იმ რეალურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია უსაფრთხოების კუთხით - ლევან ბეჟაშვილი

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკონკრეტოს, თუ ვისზეა საუბარი მოხსენებაში, რომელიც ჰიბრიდული ომის პირობებში ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს ეხება.

დეკანოიძეს აინტერესებს ასევე, თუ რატომ არ არის ანგარიშში ნახსენები რუსეთის ჯაშუშური ქსელი და მათი საქმიანობა საქართველოში.

"რა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვლინდეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, თუ ასეთი არსებობს და თუ არ არსებობს, როგორ მოხდა ისე რომ, გრუ და ფსბ საერთოდ არაფერს არ აკეთებს საქართველოში, ასევე, ფარული თვალთვალი და მიყურადება იყო ჩემი ერთ-ერთი ინტერესი.

ანგარიშში ნახსენებია, რომ გარკვეულწილად, ჰიბრიდული ომის პირობებში, თითქოს ვინმეს სურდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ, უფრო დაკონკრეტება ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით, როგორც ტერორისტული სახელმწიფო ორგანიზაცია და ა.შ. არავითარი ინფორმაცია, მათ შორის, ჯაშუშურ ქსელთან მიმართებაში არ არსებობს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ნაციონალური მოძრაობის წევრი" ლევან ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ სუსის ანგარიში არ შეესაბამება იმ რეალურ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

"სუსის ანგარიში არ შეესაბამება იმ რეალურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია უსაფრთხოების კუთხით. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია, რომ სუსის გამოყენება ხდება პოლიტიკური ელიტის მიერ პოლიტიკის მიზნებისათვის და ხელისუფლების შესანარჩუნებლად, და ეს ცხადია, როდესაც სუსი გამოყენებულია პოლიტიკური ოპონენტების მოსმენებისთვის, დევნისთვის, ძალადობის განხორციელებისთვის, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ცალსახა არის, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი გამოწვევა არსებობს უსაფრთხოების კუთხით,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები