15 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 

უკრაინაში ომის მეხუთასე დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა ზმეინის კუნძულიდან გაავრცელა და ქვეყნის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა ქვეყანაში რუსული აგრესია არ წყდება.

100-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქში. რუსული ძალების თავდასხმების შედეგად, 5 ადგილობრივი დაიჭრა დონეცკის ოლქში.

იერიშები განხორციელდა ხერსონის ოლქზეც. თავდასხმების ფონზე ომში მყოფი ქვეყანა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის ემზადება.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას. 

"უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ის, რასაც ყოველთვის დაჟინებით ვიცავდი. სამართლიან მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებულები. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ დავუბრუნდეთ სამშვიდობო ძალისხმევას. ჩვენ უკრაინას ხელახალი აღდგენის საქმეში ყველანაირ დახმარებას გავუწევთ. ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც უკრაინაში წამყვან პოზიციაზე არიან, დაეხმარებიან უკრაინელ პარტნიორებს ქვეყნის აღმშენებლობაში. ტყვეების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვუსმინეთ ბატონ პრეზიდენტს უკრაინულ მხარეზე. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსულ მხარესთანაც, მათთანაც განვიხილავთ ამ საკითხს. ამ თემაზე ვესაუბრე ბატონ პუტინს და ისიც მომავალ თვეში ეწვევა თურქეთს. შესაძლებლობა გვექნება კვლავ პირისპირ ვისაუბროთ,"- აცხადებს ერდოღანი. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ერდოღანს მხარდაჭერისთვის. 

"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, უპირველეს ყოვლისა, იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ თურქეთის ხელმძღვანელობას და თქვენ ბატონო პრეზიდენტო ხელი შეუწყოთ მშვიდობისა და ნორმალური საერთაშორისო წესრიგის აღდგენას, სადაც ყველა ქვეყნის ინტერესები დაბალანსებულია. პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ ვითარება ჩვენს შავი ზღვის რეგიონსა და ევროპაში. ჩვენ ვიზიარებთ ერთ ხედვას, რომ არავის აქვს უფლება ჩვენს სახელმწიფოებსა და ერებს შავი ზღვის რეგიონში დააკისროს ისეთი რამ, რაც არ შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოებისა და ერების ინტერესებს. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცე და არა ომისა და რაიმე კრიზისის ან ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტების, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ ნატოს ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის მზადებასთან დაკავშირებით. საუბრისას უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დავაყენე . გამიხარდა პრეზიდენტის ნათქვამი, რომ უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატოს წევრი,"- აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები