დღეს თბილისში გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს ელოდებიან. ბერბელ ბასი საქართველოში მისი ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით ჩამოდის. პირველი ოფიციალური შეხვედრაც საკანონმდებლო ორგანოში სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შედგება. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუნდესტაგის ხელმძღვანელს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი, ამ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ, საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად.
ბერბელ ბასის საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსებიც. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ამ ქვეყნის ინტერესზე მიუთითებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის ბუნდესტაგის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ. პირადად უნდა დარწმუნდეს იმ ვითარებაში, რაც საქართველოში არსებობს, პირადად ნახოს რეფორმები, ინსტიტუციები. დარწმუნებული ვარ გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დაბრუნდება თავის ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.