ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე ლიეტუვაში იენს სტოლტენბერგმა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მთავარი სასაუბრო თემა უკრაინის პირველი დიპლომატის, დმიტრო კულებას twitter-ზე დაწერილი განცხადება იყო. დიპლომატმა განაცხადა, რომ ნატოსკენ კიევის გზა შემოკლდება. კულებამ აღნიშნა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ ალიანსში მისაღებად უკრაინას აღარ დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ანუ MAP-ი.
ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
"ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიკრიბებით აგრესორის მეზობლად, აგზავნის ძლიერ სიგნალს ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მხოლოდ მისი გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპაში. მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზე მისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. დაპირებების გამეორების დრო დასრულდა. წევრობის სამოქმედო გეგმა, ამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ამოღება არის ძალიან პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯი და ეს გაამარტივებს უკრაინის გზას ნატოში. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში მართლაც შესაძლებელია, როცა პირობების შესრულება ამის შესაძლებლობას მოგვცემს. უკრაინას აქვს რეალური ალგორითმი, თუ როგორ აპირებს დაახლოებას ნატოსთან. ამ მხრივ აუცილებელია რეფორმების შეფასება, ამ გზაზე პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული ვართ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დროში უნდა იყოს შეზღუდული.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ საკითხზე კომპრომისის პოვნას. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ წევრობა რეალობად იქცევა. რატიფიკაციის ძალიან გრძელი პროცესია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხვალ და ზეგ ვილნიუსმა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არა თეორიად, არამედ პრაქტიკულ შესაძლებლობად აქცევს," - აცხადებს გიტანას ნაუსედა.