15 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუ უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული - ლიეტუვის პრეზიდენტი

ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება - ძირითადი საკითხი, რასაც ალიანსის ლიდერები განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.

პარალელურად, ახლა მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის - ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის. შეხვედრის დაწყებამდე ორივე მხარემ მცირე კომენტარები გააკეთეს.

ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, მისი ქვეყნისთვის სიმბოლურია, რომ ისტორიული სამიტი სწორედ ლიეტუვაში ტარდება. ნაუსედას თქმით, უკრაინის საზღვრებთან ახლოს სამიტის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაფიქსირდება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა.

საკუთარ სიტყვაში ლიეტუვის პრეზიდენტმა ახსენა საქართველო და აღნიშნა, რომ რუსეთს არც 2008 წელს უყოყმანია, შეჭრილიყო მეზობელ სახელმწიფოში.

"ნატო-ს ყველა დედაქალაქს შორის, ვილნიუსი, გეოგრაფიულად, ყველაზე ახლოს არის კიევთან. და ეს სიახლოვე, თავისთავად, ძლიერი სიმბოლოა. მაგრამ სიმბოლოები უძლურია აგრესიის შეკავებაში. სწორედ ამიტომ იკრიბება ნატო-ს სამიტი აქ, ვილნიუსში, რათა გაუმკლავდეს გამოწვევას და მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას.

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ პოლიტიკური და პრაქტიკული კავშირები უკრაინასთან, განვსაზღვროთ მკაფიო გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ.

რუსეთი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ალიანსისთვის. ყველა მოკავშირე მტკიცედ დგას და ერთიანდება მე-5 მუხლის ვალდებულებების მიმართ. ბუქარესტის შემდეგ 15 წელია გასული, ჩვენ ვიმეორებთ, რომ ერთ დღეს უკრაინა შეუერთდება ნატო-ს. ჩვენ არ გადაგვიდგამს რაიმე ხელშესახები ნაბიჯი ამ გზაზე.

ამავდროულად, რუსეთს არ უყოყმანია 2008 წელს საქართველოში შეჭრაზე. არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსირება, დონბასში დესტაბილიზაცია და დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში.

დროა, შეიცვალოს პარადიგმა. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუ უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული. ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა არის ის ვალი, რაც გვაქვს უკრაინის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავუხსნით გზას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, რასაც მოჰყვება მოწვევა, როგორც კი გარემოებები საშუალებას მოგვცემს," - აცხადებს გიტანას ნაუსედა.

დღის ამბები