15 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
NATO-ს სამიტი საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემაა - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას ვილნიუსში მიმდინარე სამიტისგან

NATO-ს სამიტი საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემაა. ოპოზიციას არ აქვს დიდი მოლოდინი ვილნიუსში მიმდინარე სამიტისგან.

ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ოპონენტები ხელისუფლებას და მის რიტორიკას, ბარიერად მიიჩნევენ.

პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა:

"თქვენ ამბობდით, რომ ნატოსთვის საქართველო არის მზად და ახლა ნატო-მ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ნატო-ში წევრობის საკითხი, მაშინ როდესაც თქვენ ღიად უარი განაცხადეთ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე. თქვენ არაფერი გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ დემოკრატიული რეფორმები წინ წაგეწიათ. ამ ფონზე, როცა თქვენ აცხადებთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მზად ვართ, ეს არის დეზინფორმაცია,"- განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას მცირე რეპლიკით უპასუხა.

"როგორც მივხვდი, ვერაფერს ვერ მიმხვდარხართ იმ წერილიდან, როგორც სხვა დროს ვერაფერს ხვდებით ხოლმე, ამიტომ ეს არ არის პრობლემა,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში განცხადებები სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს, როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს მომავალი ნატო-ში და ევროკავშირში განუყოფლად არის დაკავშირებული უკრაინის მომავალთან:

"არსებობს ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და მათ შორის, გერმანია მხარს უჭერს იმას, რომ მაინც ბოლომდე არ ჩაიკეტოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი და ეს მოსაზრება არის ერთადერთი, რომ საქართველო არ დაშორდეს უკვე ორი საფეხურით უკრაინას და მოლდოვას.

საქართველოს მომავალი ნატო-ში და ევროკავშირში განუყოფლად არის დაკავშირებული უკრაინის მომავალთან, უკრაინის ბედთან და ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭება უკრაინის სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა თუ სხვა, ეს არის დანაშაული,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, სანამ "საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლება არავის უნდა ჰქონდეს ზედმეტი მოლოდინი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადაიდგმება".

დღის ამბები