ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, 3 ივლისის სხდომაზე უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საკმარისი ხმები არ ჰქონდა და სხდომა უფლებამოსილი არ იყო შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.
"დღევანდელმა სხდომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და რეალურად არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღება, მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა და ოპოზიციას რეგლამენტის წაკითხვა ურჩია.
"ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, რომ არაკვალიფიციური მოთხოვნების დაყენებას, ჯობია წაიკითხონ რეგლამენტი და რატომ? - როდესაც შეიძლება პრეტენზია გამოთქვას დეპუტატმა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა კვორუმი და ხმები იყო თუ არა საკმარისი, ანუ ადგილზე იმყოფებოდა თუ არაა საკმარისი რაოდენობა დეპუტატებისა, მაშინ საჭიროა არამხოლოდ დეპუტატმა, არამედ, რეგლამენტის შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, საჭიროა ფრაქციამ, შესაბამისად, პოლიტიკურმა ჯგუფმა ან 7-კაციანმა შემადგენლობამ დააყენოს ეს საკითხი. ეს არის წესი, რომლის შემთხვევაშიც გადაითვლება ხოლმე დეპუტატების რაოდენობა. ეს ჩანაწერი არის რეგლამენტში, ამიტომ, გირჩევთ წაიკითხოთ რეგლამენტი და კანონის დაცვით დააყენოთ რაიმე შუამდგომლობა ან პრეტენზია, თუ ასეთი არსებობს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.