15 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"თავდაცვის კოდექსი" პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს - ვინ და რა მიზეზით ეწინააღმდეგება კანონპროექტს

"თავდაცვის კოდექსის" პროექტზე დეპუტატები დილიდან მსჯელობდნენ. ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგია, მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის პრინციპია მიუღებელი. კითხვები დაისვა კოდექსის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებითაც.

თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და დეპუტატებს შორის მსჯელობის საგანი იყო სასულიერო პირების სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი. პროექტის მიხედვით 27 წლამდე ასაკის სასულიერო პირები გაწვევას ვეღარ გადაავადებენ და ამის ნაცვლად მათ არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამონაკლისი ვერ ერთი კონფესიის წარმომადგენელი ვერ იქნება.

ალტერნატიული სამხედრო სამსახურის წარმოდგენილი მოდელი ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. ამ საკითხზე თავდაცვის უწყებას ვადების გადახედვა მმართველმა პარტიამაც შესთავაზა. პროექტის მიხედვით 18 თვიანი ვადა 11 თვემდე მცირდება.

წინა სხდომების მსგავსად, დღევანდელი მსჯელობაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს მაქსიმალურად მისცა დრო, კითხვები ამოეწურათ და კოლეგებს სხდომის შესვენების გარეშე გაგრძელება შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა დარბაზში ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

წინა სხდომის მსგავსად, დეპუტატების ნაწილმა დღეს პირველ ჯერზე რეგისტრაცია არ გაიარა და პირველ მცდელობაზე კვორუმის შევსებას ერთი ხმა დააკლდა, თუმცა, რამდენიმე წუთში განმეორებითი რეგისტრაცია 90-ზე მეტმა პარლამენტარმა გაიარა. "თავდაცვის კოდექსი" დღეს მეორე მოსმენით განიხილეს, საბოლოო მსჯელობა კი პროექტზე საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.

დღის ამბები