15 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინელებს და მინდოდა, მათაც კონკრეტული ხეირი ჰქონოდათ, არაფერი შეაჩეჩეს ხელში და ახლა ზელენსკი ცდილობს,  დაარბილოს კუთხეები - ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ვილნიუსის სამიტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ისტორული სამიტის შედეგები მისთვის იმედგაცრუებაა და უკრაინა უფრო მკაფიო გადაწყვეტილებებს იმსახურებდა.

"ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინელებს და მინდოდა რომ მათაც რაღაც კონკრეტული ხეირი ჰქონოდათ. არაფერი შეაჩეჩეს უკრაინელებს ხელში და ახლა ზელენსკი ცდილობს დაარბილოს კუთხეები, მაგრამ აშკარად ეტყობა, ისიც იმედგაცრუებულია. მე საქართველოს ამბავი მადარდებდა ყველაზე მეტად, მაგრამ საქართველოსთვის ეს იყო საგარეო პოლიტიკური კრახი და ძალიან დიდი საგარეო პოლიტიკური სირცხვილი "ქართული ოცნებისთვის". ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიყოთ, ამის გამო საგარეო საქმეთა მინისტრი დატოვებდა თანამდებობას. მთავარ მაგიდასთან უნდა ყოფილიყო ან პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ შემოგარენში დასვეს დარაჯებთან და მძღოლებს რომ სუფრას უშლიან ხოლმე, ასე კი არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო სირცხვილი, რაც მოხდა. რატომ? იმიტომ რომ სახლობანას თამაშობს მთელი ეს დრო "ქართული ოცნება". მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილს იქ წასვლის უფლება არ მისცა "ქართულმა ოცნებამ" და ღარიბაშვილი კი ნატომ არ დაპატიჟა - ეს არის თავის მოჭრა ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებითაც უკმაყოფილოა.

ევროპის ლიდერები არიან მშიშრები, ერთი კაცური კაცი ჰყავდათ ბორის ჯონსონი და იმანაც ბრექსიტი მოახდინა. ყველაზე კაცური კაცი, გამბედავი და მაგარი ტიპი ევროპელებს შორის იყო ბორის ჯონსონი. ყველა მფრთხალი და მშიშარაა ევროპელი ლიდერები, თავიანთი კარგი ცხოვრება, ყავა და კრუასანი ადარდებთ და გული უსკდებათ პუტინის დანახვაზე.

ახია პუტინზეც, პუტინსაც კარგი სილა მოხვდა დღეს, პირდაპირ საზღვართან მიიღო რუსეთმა ნატო და ხმასაც ვერ იღებს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

დღის ამბები