15 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
საზოგადოებაში არცთუ სახარბიელო დამოკიდებულებაა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, იმედია, კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავებს ნაპრალს, იმედია ამ ნაბიჯს არ გადადგამს - ირაკლი კობახიძე

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადას მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებით იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წავიდა, ვინც მხარი დაუჭირა.

"ისედაც იცით, რომ საზოგადოებაში არის არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებით წავიდა პირდაპირ იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს. იმედია, კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავებს ნაპრალს, რომელიც არის მასსა და საზოგადოებას შორის. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს (მიშას შეწყალებას) არ გადადგამს.

ჩვენ ვიხილეთ 600-დღიანი სპექტაკლი, რომელიც მერე ჩაიშალა, რადგან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის მიმართ მოპყრობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სათანადო. ამ სპექტაკლის განახლება მაინც გადაწყვიტეს და ხედავთ, რომ არის ფართო კოორდინაცია ამ ყველაფრის გარშემო. ჰყავთ ჩართული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, რაც არის ძალიან მძიმე. კოორდინაცია რასაც ვხედავთ, არის უბრალოდ სამარცხვინო. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს. ეს არის ერთ-ერთი მიზანი, რაც აქვს ხელისუფლებას. როცა კონკრეტული პოლიტიკოსები, უცხოელები მიდიან საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ, ეს არის არაჯანსაღი ქმედება," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები