საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, ტექნოლოგიურ პარკში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის სპიკერმა, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე, განათლების დარგში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
"მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ახალგაზრდობას, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც ერთის მხრივ სხვადასხვა სახით არიან ორგანიზებული, მათ შორის, კლუბები აქვთ ჩამოყალიბებული, აქვთ ახალგაზრდული საბჭოები, რომლებიც ინიციატივებს ავითარებენ და შემდეგ, სხვადასხვა პროექტის სახით ახორციელებენ. ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ, დავპატიჟე პარლამენტში იმისთვის, რომ ამ საკითხებზე პარლამენტშიც გავაგრძელოთ მსჯელობა. განსაკუთრებით ზოგადი განათლების გამოწვევებზე, რეგიონში უმაღლეს სასწავლებლებზე და მასთან არსებულ გამოწვევებზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.