თბილისში უზბეკეთის პრემიერის ვიზიტი გრძელდება. აბდულა არიპოვს ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმტში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.
პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.
"ახალ ეტაპზე გადავა საქართველოს და უზბეკეთის თანამშრომლობა ამ საგზაო რუკის გაფორმებით და 2023-2024 წლებში სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს დაფარავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. უზბეკეთში, შუა აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და მოსახლეობითაც ყველაზე მეტად იზრდება, შესაბამისად, უზბეკეთთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან პერსპექტიულია.
ჩვენ შევეხებით ვიზიტის ფარგლებში ისეთ საკითხებს, როგორიც არის ინვესტიციები უზბეკეთიდან საქართველოში, თანამშრომლობა სატრანსპორტო და გადაზიდვების სფეროში, ასევე სავაჭრო მიმართულებებით თანამშრომლობას და რა თქმა უნდა, საქართველოს და უზბეკეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ერთმანეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების და გაძლიერების კუთხით," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობები საქართველოში ეკონომიკურ და ტურისტულ ზრდას გამოიწვევს.
"ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ. მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის სფეროში, ძალიან დიდი დინებები არის ტურისტული უზბეკეთის მხრიდან," - აცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი.