რა მოხდა "ვივამედში" და რისთვის დასჭირდა პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარული გზით გამოტანა - მთავარ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად, პოლონელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას პირადად უწყების პირველი პირი შეხვდა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პოზიციები გაცვალეს. მარიუშ პიეტრ ჟაკმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
ოფიციალური თბილისის გზავნილი ადრესატამდე მისულია - ქართულმა მხარემ ვარშავას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ექიმთან დაკავშირებული ინციდენტი, გაუგებრობასა და შეშფოთებას იწვევს, პროცესს კი სანდოობას უკარგავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რა იყო პოლონელი ექიმის მოტივი დიპლომატისთვისაც უცნობია და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მომხდარის დეტალებზე საუბარი ამ მიზეზით ვერ შეძლო.
იუსტიციის მინისტრისთვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოზიციამ, საკითხი უფრო ბუნდოვანი გახადა. უწყების ყოფილი და მოქმედი მინისტრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ექიმის მოტივია.
ვერსიებს შორის ყველაზე სარწმუნო, მმართველი გუნდის მხრიდან ანალიზის პასუხების გაყალბების სურვილი სახელდება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და პოლონეთს მოუწოდებენ მკაცრი კონტროლი განხორციელდეს ოფიციალური
გზით აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევაზეც.
კითხვებზე პასუხები ოპოზიციაშიც აინტერესებთ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიჩნევენ, რომ საკითხზე მხოლოდ კომპეტენტურმა პირებმა უნდა ისაუბრონ და სწორედ ამ მოტივით აირიდეს მათთვის პოლიტიკურად უხერხულ თემაზე საუბარი.
ვინ დგას კონკრეტული პოლონელი ექიმის უკან და ვის ინტერესშია სამედიცინო დოკუმენტაციის ფალსიფიცირება?! მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ "ვივამედში" მძიმე ინციდენტი მოხდა და პოლიტიკურთან ერთად, საინტერესოა სამართლებრივი კონტექსტიც.
რა ვერსია აქვს ოფიციალურ ვარშავას, ამ დრომდე უცნობია. სწორედ პოლონეთის ჩართულობით შეირჩა ექიმთა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთმა წევრმაც "ვივამედიდან" მსჯავრდებული სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარული გზით გამოტანა სცადა. მიზეზებზე პოლონეთი განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.