"ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს "სტრატეგია აღმაშენებელთან" კონსულტაციებს. პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა, რომ საუბარი არის გიორგი ვაშაძესთან არა პარტიულ გაერთიანებაზე, არამედ - 2024 წლის არჩევნებისთვის ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
"პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და, შესაბამისად, ვაგრძელებთ ტრადიციას, ამიტომ პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ახალგაზრდებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოში, სხვადასხვა საჯარო სივრცეში, მიეცემათ შესაძლებლობა, იყვნენ წარმმართველები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები,"- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბევრ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, მმართველ გუნდთან ბრძოლის საერთო სტრატეგია შესთავაზა.
"შეთავაზების ფარგლებში, ბუნებრივია, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მიმდინარეობს კონსულტაციები. საუბარი არ არის რაიმე პარტიულ-ინსტიტუციურ ერთიანობაზე, საუბარია სამოქმედო გეგმაზე, ბრძოლის ერთობლივ მეთოდებზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე შექმნან თავიანთი პოლიტიკური ერთიანობის ცენტრები, იქნება ეს "ლელო", "გირჩი" და ა.შ. ჩვენ მათთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. აქ საუბარი არ არის ელექტორატის გაერთიანებაზე, საუბარია საერთო გეგმაზე, რათა ოპოზიციის მიზანი იყოს ხელისუფლებიდან "რუსული ოცნების" ჩამოშორება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.