15 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
რატომ აღარ არის საქართველო ბელგიისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში - გადაწყვეტილება პოლიტიკური განხილვების თემაა

მიზეზებს, რის გამოც ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, ელჩი შესაბამის უწყებებთან არკვევს. ვახტანგ მახარობლიშვილმა განმარტა, რომ უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ბელგიის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან. ჩვენი ქვეყნის მიმართ უწყებებში არსებული პოზიტიური დამოკიდებულება ელჩს აფიქრებინებს, რომ ბელგია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.

ბელგიის სამეფოში მოქმედი ელჩისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ყოფილ ელჩს. სალომე სამადაშვილი ამტკიცებს, რომ ბელგიას ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. ოპოზიციონერი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც დადგეს.

დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ სალომე სამადაშვილს სახელისუფლებო გუნდის წევრები. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ბელგიაში მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარი და არასამართლიანია.

ბელგიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციის წევრებისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს ევროპულ ორბიტასთან დაშორება გახდა.

ევროკავშირისა და შენგენის ზონის 20 ქვეყნიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად 16 ქვეყანა აღიარებს. მმართველი გუნდის ლიდერების განმარტებით, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა, 2013 წლის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს. საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, აღიარებს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ გაატარა, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დაცვისა და ზოგადად ყველა ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ბელგიამ "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" კონცეფცია 2012 წელს შემოიღო. ჩამონათვალი წელიწადში ერთხელ ახლდება. თუმცა, სიის გადახედვაც შესაძლებელია, თუ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეიცვალა.

დღის ამბები