"საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი - ამ პოზიციიდან განაგრძობს კარიერას ნინო ლომჯარია. მმართველი გუნდისთვის საინტერესოა, აკადემიურ გამოცდილებასთან ერთად, კონკრეტულად, რა ნიშნით შეარჩია გიული ალასანიას უნივერსიტეტმა ყოფილი ომბუდსმენის კანდიდატურა.
ნინო ლომჯარიამ ბრალდებები დღეს უპასუხოდ დატოვა. ყოფილი სახალხო დამცველთან თანამშრომლობასა და საქმიან ურთიერთობაზე ისაუბრა გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც ნინო ლომჯარიას მის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ჩააბარეს - პროფესიონალიზმია.
საქართველოს უნივერსიტეტში ლომჯარიას დანიშვნა არ გაჰკვირვებიათ ოპოზიციაში. პოლიტიკური ძალებში ამბობენ, რომ ყოფილი ომბუდსმენს კარგი საქმიანი რეპუტაცია აქვს და არც მის პროფესიონალიზმში ეპარებათ ეჭვი.
საპარლამენტო უმრავლესობაში ნინო ლომჯარიას სუბიექტურ დამოკიდებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას. აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი მიდგომის გამო წაახალისეს ყოფილი სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა, ალასანიას უნივერსიტეტში აკადემიურ საქმიანობას კი 5 დღის წინ შეუდგა.