ოპოზიციური ერთობა "გამარჯვების პლატფორმა" "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე გაკეთდება. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი არ გამორიცხავენ დაშვებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხუთი ნომრით მიიღონ. ინიციატივას არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" და მის კლასტერს არჩევნებში გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მდინარაძის თქმით, "ნაცმოძრაობის" კლასტერის პიარკამპანია და პროპაგანდა აგებული აქვთ ტყუილზე, რაც მისივე თქმით, მათი უპერსპექტივობის მთავარი მიზეზია.
"ვიღაცას 5-იანზე და "ნაცობაზე" არ აქვს პრობლემა, ვიღაცას ვითომ პრობლემა აქვს მაგრამ მაინც 5-იანზე დინებას მიყვება, მათ სამარკო ნიშანს მიყვება, მათ წარსულს პასუხისმგებლობის ქვეშ იღებს, პასუხს აგებს საერთო წარსულზე, მომავალზე და ა.შ.
"ნაცმოძრაობა" არის ერთი დიდი კლასტერი, რომლის შიგნითაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. "ნაცი" არის "ნაცი".
მაგრამ, არანაირი პერსპექტივა ერთი მთავარი მიზეზის გამო არ აქვს "ნაცმოძრაობას" და მის კლასტერს, ვინც არ უნდა გადაანაცვლონ შიგნით თავისი კლასტერის რომელიღაცა პარტიაში, მათ პიარკამპანია, პროპაგანდა აგებული აქვთ ტყუილზე. მათი მთავარი სლოგანი ხომ ყველა ვხვდებით, რომ იქნება, რომ საქართველოს მოაშორონ რუსული ხელისუფლება. საქართველოში რუსული ხელისუფლება არ არის, საქართველოში ქართული და ეროვნული ხელისუფლებაა, და როგორც კი შენ შეეცდები, რომ პიარულად ისეთი რაღაცა მიჰყიდო ადამიანს, რომელიც საფუძველშივე ტყუილია, გამორიცხულია, რომ ტყუილმა სიმართლეზე და ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. ამიტომ,"ნაცმოძრაობას" არანაირი კონფიგურაციით არ აქვს პერსპექტივა.
ორი მიზეზია, რის გამოც სხვა პარტიებს მაინც გული მიუწევთ "ნაცმოძრაობისკენ". ერთი ის, რომ საერთო მესიჯბოქსი აქვთ და ფეიკია მესიჯბოქსში, რუსულთან დაკავშირებული საკითხები, რაც მდაბიოა. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებდნენ. და მეორე - რეიტინგი არის კიდევ უფრო მთავარი მიზეზი.
სამწუხაროდ, დღესაც მეორე ადგილზე 20%-ის ქვევით რეიტინგით, არის "ნაცმოძრაობა". ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს და ყველა ახლა ცდილობს, რომ მიეტმასნოს მას," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.