15 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა დაგეგმილი სპეცოპერაციით და ასეთ რამეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერ დაგეგმავდა - ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი სპეცოპერაციით შემოიპარა და ის ასეთ ოპერაციას სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერ დაგეგმავდა.

როგორც დავითულიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ისე შემოიპარა, რომ ქართულმა შესაბამისმა სამსახურებმა ინფორმაცია ვერ მიიღეს სხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ უკრაინის ხელისუფლებაში ჰყავს თანამზრახველები.

"ვინც რა უნდა თქვას, ეს არის ფაქტი, ვინმეს თუ სხვა რამის სჯერა ეს სისულელეა. მინიმუმ დიდმა ქვეყნებმა იცოდნენ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია გარდაუვალი იყო, რადგან ამის დიდი ალბათობა იყო.

ავღანეთიდან ამერიკას ჯარი გაყვანილი ჰყავდა, რადგან მანაც იცოდა, რომ რუსეთი ამ ზღვარს გადააბიჯებდა და შეიჭრებოდა უკრაინაში, ემზადებოდა როგორც ჩანს, ამ აგრესიის მოსაგერიებლად. მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი და რაღაც ოფისის ხელმძღვანელი, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იკარგება და ჩნდება საქართველოს ისე, რომ ქართული შესაბამისი სამსახურები ვერ იღებენ ინფორმაციას, სხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურებისგან, რომ ის აქ არის. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თანამზრახველები, მინიმუმ უკრაინის ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა არიან პოლიტიკური ჯგუფები, ვინც ფიქრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აქ არევა, რომ ხელისუფლება ეიძულებინა მეტ დათმობაზე წასულიყო გარკვეულ სიტუაციებში ან ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ვინც მოვიდა ყველაფერზე ხელის მომწერია, ის მჯდარიყო. ეს იყო სურვილი, მაგრამ ეს სურვილი ჩაეშალათ.

ახლა მიდის ზეწოლა, მთელი რიგი გავლენიანი ჯგუფების მხრიდან იმისთვის, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან, რადგან, თუ მას ყველა იმედი გადაეწურება, რას იტყვის კაცმა არ იცის. საქართველოს მხრიდან დათმობაზე წასვლა ვერ მოხდება, როდესაც იცი, რომ ასეთი პროვოკაცია იგეგმება, რადგან ყველა დათმობას მოჰყვება სხვა ტიპის ზეწოლები. შესაბამისად, მან დაარღვია კანონები, ის იხდის სასჯელს იმისთვის, რაც დაარღვია მანამდე და საზღვრის კვეთის საქმე მიმდინარეა.

უკრაინის ხელისუფლებას მართლა, მთელი გულწრფელობით ვუსურვებ ამ ომში გამარჯვებას. თუ კი რაიმე შანსია, მე ვისურვებ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მან ამ ომში მოიპოვოს გამარჯვება, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ეს ომი რუსეთის მხრიდან უსამართლოა, აგრესიული და უმიზეზოა. რუსეთის ამ აგრესიის და მადის შეზღუდვა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაზეც დადებითად იმოქმედებს", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები