"ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი საქართველოში" - ამ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პანელური დისკუსია გამართა. ღონისძიებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ესწრებოდა. შეხვედრისას მხარეებმა იმ რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრეს, რაც, "საია-ს" აზრით, ყველაზე პრობლემურია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებული სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, სადაც, მათი შეფასებით, ფასადური ცვლილებებია მიღებული, რაც ამ დარგში არსებულ პრობლემას სიღრმისეულად ვერ აგვარებს.
"ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია, საქართველოს ამისთვის კიდევ აქვს დრო წლის ბოლომდე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის მიგნებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის, სიღრმისეულ რეფორმასთან დაკავშირებით, სასამართლოს კუთხით ეს განხორციელდეს. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის საკითხი, რომელიც სასამართლოსთან მიმართებით ერთ-ერთი წამყვანია და სწორედ ამ კუთხით აქვს შეკითხვები ევროპულ ინსტიტუტებსაც - რამდენად არის საკმარისი ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამ დრომდე განხორციელდა", - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
"საია-ს" ანგარიშს ეხმაურება უმრავლესობაც. "ოცნებაში" ამბობენ, რომ "8 პუნქტი შესრულებულია, დანარჩენზე მუშაობა გრძელდება, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებებს კი, პოლიტიკური სარჩული აქვს".