პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება ქართველ ხალხს ესხმის თავს. ამასთან, მისივე შეფასებით, ქართველ ხალხზე თავდასხმის პოლიტიკა მაშინ დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
"უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს ფაქტობრივად უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველო ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი.
საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინისთვის, რომელთანაც ჩათვალა რომ მას არ სჭირდება ელჩი, ელჩი, რომელიც ტყვიების ზუზუნში იყო იქ. ყველა ელჩი გავიდა, ამერიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი. ერთადერთი დარჩა საქართველოს ელჩი და ქართული დროშა. ერთი მადლობაც არ უთქვამს პრეზიდენტ ზელენსკის ამ ელჩისთვის, ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, გამოაძევა ქვეყნიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მორალური პიედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვთ," - აღნიშნა პაპუაშვილმა.