პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, აღმოჩნდა, რომ რეზოლუციები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა, ამერიკიდან ლობისტები წერდნენ.
"საერთო ჯამში, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანია, ხან "ფრი მიშას" ლოზუნგით, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის ლოზუნგით, ხან წამებაზე, ხან მოწამვლაზე, იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. ჩვენ ვნახეთ ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება, ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება, მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც გჭირდება, გაავრცელო დეზინფორმაცია. ჩვენ ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, ვნახეთ, რომ რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა, ევროპის შუაგულში წარმოშობილი და განვითარებული იდეები, აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ე.წ. კატარგეითის სკანდალის დროსაც ზუსტად იგივე მეთოდები იყო.
"ჩვენ ვნახეთ, რომ, რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები იყო, იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცისთვის იქნებოდა საზიანო და ა.შ. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაშიც, რაც ახლა გვაქვს, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით.
პირდაპირი სია არის, ვისთან ჰქონდათ სატელეფონო საუბრები, იმეილებს ვის სწერდნენ, ვის სტატიას, ვის ინტერვიუს აწერინებდნენ და ა.შ. მთელი კამპანია აწყობილი იყო დეზინფორმაციაზე, ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, ქართულ სახელმწიფოზე.
პრეზიდენტთან უნდოდათ რატომღაც ამერიკის საელჩოს მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება, მისი ნიუ იორკში ვიზიტის დროს. რა შუაშია ამერიკის საელჩო? ნაციონალური მოძრაობისგან ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებული, ის, თუ როგორ იბრძვის ნაციონალური მოძრაობა და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და სანქცირებას ითხოვენ ქვეყნისას. ყველა თქვენს დასანქცირებას ითხოვს და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა. ამას პატიოსან საზოგადოებაში ეძახიან ღალატს. ასე, რომ რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, იმისთვის რომ შენი ქვეყანა დაასანქცირონ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.