დავით არახამიას განცხადება, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიციურ პარტიებში მის განცხადებებს მეტწილად ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და მათი შეფასებით, ქვეყანაში არსებული რუსული ინტერესები აფერხებს.
"არ მგონია, რომ მე უნდა ვაფასებდე არახამიას განცხადებას ახლა. მე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ვარ, იდეაში და ჩემი ქვეყნის პოლიტიკით ვარ დაკავებული. უკრაინას რაც შეეხება, ცხადია, არც არახამია არ არის საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი და, ზოგადად, იმ ნათქვამშიც, რომ "რუსეთს არ უნდა ჩვენი ინტეგრაცია, თორემ უკრაინა რა შუაშია", ვინც არ უნდა თქვას, მე დავეთანხმები," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
"ლელოს" წევრების შეფასებით კი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო დარდობენ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ვიდრე ქვეყნის შიგნით მყოფი მთავრობა.
"დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი აფერხებს და რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. სამწუხარო რეალობაა, ის რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში, ამერიკასა და უკრაინაში უფრო მეტად დარდობენ საქართველო ევროპულ მომავალზე, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, შეიცვალოს ეს ხელისუფლება ისეთი კოალიციური უმრავლესობით, რომელიც მოემსახურება საქართველოს საზოგადოებას და ლელოს მიზანიც სწორედ ეს არის," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, დავით არახამიას განსაკუთრებული სიმართლე არ უთქვამს. მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" ოროსანი მოსწავლესავით ცდილობს გადააბრალოს ყველას ქვეყნის წარუმატებლობა, გარდა საკუთარი გუნდისა."
უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა - "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მთავრობაა." ამ განცხადებით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "უკრაინა იყო დაინტერესებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო."