უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს მხოლოდ რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მთავრობა უშლის. ადრესატები არახამიას განცხადებაში მის პირად და გლობალურ ინტერესებს ხედავენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნების გზავნილები იმ სცენარის ნაწილია, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციას და მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, დავით არახამიას განცხადების შინაარს იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლების კურსი ქვეყანას ევროპას აშორებს.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კოლეგებს მოუწოდებს, ნაკლები დრო დახარჯონ ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების მხარდაჭერასა და გარჩევაში. "გირჩში" ამბობენ, რომ გამიზნული კრიტიკა ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ აზიანებს.
მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ დავით არახამიას გზავნილები ქართული ოპოზიციის განცხადებებთან და ქმედებებთან თანხვედრაშია. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, როგორ რჩება ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანს დრო საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის.
გზავნილებს კიევიდან გუშინ პრემიერიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს მათ კონკრეტულ მიზნებს უკავშირებს. მთავრობის მეთაურმა კომენტარის დროს ევროპელ ლიდერებთან პირისპირ საუბრებიც გაიხსენა და პირდაპირ თქვა, რომ ოფიციალური კიევი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყო
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. არახამიას მსგავსად, უკრაინის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა - ალექსეი დანილოვმა, ალექსეი არესტოვიჩმა, მიხაილო პოდოლიაკმა და თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთეს.