15 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმაცია ექნება ოპოზიციას, ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის - შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმაცია ექნება ოპოზიციას. ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ერთობებს სერიოზულად ვერ განიხილავს.

"ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აღმოჩნდა, რომ მყარად არიან შემდგარი ქვეყნის ღალატის გზაზე. ვიდრე ოპოზიციისთვის მთავარი, ფუნდამენტური, განმსაზღვრელი იქნება ღალატი, ქვეყნის წინააღმდეგ სიარული, იქამდე მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმაცია ექნება. ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის.

რასაც ოპოზიციაში ვაკვირდებით, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ შექმნილია გარკვეული პოლიტიკოსების თუ სხვა მხრივ აქტიური ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც დაკარგული აქვთ პატრიოტიზმი, მათთვის უკვე სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები. ეს ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მათ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ პატრიოტიზმი. ადამიანს საკუთარი სამშობლო როცა არ უყვარს, იმას როგორ მისცემს ვინმე ხმას. ჩვენ რასაც შეიძლება, ვუყუროთ, ეს არის პოლიტიკური ძალის პროფანაცია. სინამდვილეში, ერთად შეკვრაა მეხუთე კოლონის, რომელიც ლოიალურია არა საკუთარი სამშობლოს, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები