15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღალ შეფასებას აძლევს

ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებები, გაზრდილი ტრანზიტული ვაჭრობა - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელთა გავლენით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღალ შეფასებას აძლევს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ზრდა 7.5%-იყო.

ფონდის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი ვარაუდობს, რომ წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 6 % იქნება. პოზიტიური შეფასება და პროგნოზი დადებით მოლოდინს უჩენს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.

ეკონომიკური ზრდის ტემპის გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნულია ინფლაციის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის კლება. ანგარიშის მიხედვით, ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია.

აქვე კეთდება პროგნოზი, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია კიდევ უფრო მეტად, 0.3%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. პოზიტიურად არის შეფასებული ფისკალური პოლიტიკა და ნათქვამია, რომ ქვეყანაში ფინანსური სექტორი მდგრადია.

საქართველოს მთავრობის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან დისკუსიის დროს განხილული იყო ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაესვა ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ხელისუფლების დაპუირებას შეინარჩუნოს ბანკის დამოუკიდებლობა. ეს ფუნდამენტურ საკითხად მიაჩნიათ სფეროს ქართველ სპეციალისტებსაც. ამასთან ანალიტიკოსები პოზიტიურად ეხმაურებიან საქართველოსთან მიმართებით სავალუტო ფონდის დადებით პროგნოზებს.

საქართველოსთან, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რისკის ფაქტორად განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომს რაც მაღალ საგარეო გაურკვევლობას იწვევს.

ამ პირობებში მთავარი რეკომენდაცია ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე, ასევე რეფორმების განხორციელებაზე მიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ფონდის შეფასებით ეკონომიკის მედეგობას და ზრდის პოტენციალის განმტკიცებას განაპირობებს.

დღის ამბები