რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, ერთნაირად მიუღებელია ქართული ოპოზიციისთვის და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავს განცხადებას არაერთი სახელმწიფოს პირველი პირი აკეთებს. ომის დაწყების დღიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა. სანქციები რომ არაეფექტური იქნებოდა და რუსეთს ვერ შეაჩერებდა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პოლონეთის პრემიერმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლს მიშელმაც აღნიშნეს.
უკრაინის ფრონტის ხაზზე მოხალისეების ორგანიზებულ გამგზავრებაზე და ჩარტერულ რეისებზე, ლონდონისა და ვაშინგტონის მსგავსად, უარი ოფიციალურმა თბილისმაც განაცხადა, ამ შემთხვევაშიც, მსოფლიოს ლიდერებმა ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი განცხადებები გააკეთეს. ბორის ჯონსონმა საომარ მოქმედებებში ჩასართავად ბრიტანეთიდან მოხალისეების წასვლას მხარი არ დაუჭირა. უფრო მწვავე იყო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი. ბენ უოლესმა საკუთარ მოქალაქეებს, პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინაში ბრძოლის შემთხვევაში, უკვე სამშობლოში დაბრუნებულებს პასუხს აგებინებდა.
ქართველი მოხალისეები სახელმწიფოს ოფიციალური ჩართულობით ფრონტის ხაზზე არ გაფრენილან თუმცა, მათი სამშობლოში დაბრუნებისაც არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ქართული ოპოზიციისთვის ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი განცხადება გახდა მწვავე კრიტიკის მიზეზი - რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი? - მოსკოვს არასდროს დაუმალავს, რომ კრემლი საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. ამას მოწმობს ბუქარესტის სამიტიც. 2008 წელს საქართველომ მაპი ვერ მიიღო, თუმცა უკრაინასთან ერთად მიიღო დაპირება, რომ ალიანსის წევრი მომავალში აუცილებლად გახდებოდა. რუსეთის ფედერაციისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა. მოსკოვი რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ყველა ძალით შეეწინააღმდეგებოდა, ეს ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზევე კარგად იცოდნენ დასავლელმა ლიდერებმა. 24 თებერვლის შემდეგ, დისკუსიები ამ თემაზე აქტიურად განახლდა, მათ შორის, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ გამოსვლას ქართული ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, იმის მიუხედავად რომ ღარიბაშვილის მსგავსი განცხადება ბრატისლავაშივე ევროკომისიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმაც გაიმეორეს და კრემლის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილთან დააკავშირეს.
ფინეთი ნატოს წევრი უკვე ოფიციალურად გახდა, შვედეთს კი აქამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. ის, რომ საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობა სურს, ამას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და საქართველოს ხელისუფლების განწყობები და განცხადებები ადასტურებს.
იგივე დამოკიდებულება აქვთ უკრაინასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებსაც და ალიანსში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ელოდებიან. ამაზე ვაშინგტონიც და ბრიუსელიც საუბრობს.
მესამე მსოფლიო ომთან პარალელი იმავე კონტექსტში საქართველოს პრემიერ მინისტრმაც გაავლო. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ესკალაციის საფრთხეებზე საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციაზე ისაუბრა და განმარტა, თუ სადამდე მიიყვანდა ქვეყანას სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკიდან გადახვევა.
უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი ომის მიუხედავად, საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ არ შენელებულა, რადგან თბილისი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციით მიიღწევა. ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს მთავარი კანონით კონსტიტუციით არის გამყარებული.
ავტორი: ანუკა ბუავა