15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა" - ლევან ხაბეიშვილი

რა კონფიგურაციით ვიხილავთ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებისთვის - "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი ვაშაძე "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში პირველ შეხვედრას მართავენ. ამ წუთებში ხვდებიან საკრებულოს წევრებს - პარალელურად სხვა პოლიტიკოსებს ერთობისკენ მოუწოდებენ.

ერთობაზე, დანარჩენ ოპოზიციაში ხედვები განსხვავებულია, თუმცა ერთგვაროვანია პოზიცია იმაზე, რომ არც ერთ საპარლამენტო ჯგუფს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა არ სურს. მათ რიგებშია, თავად "ნაციონალური მოძრაობიდან" სულ ცოტახნის წინ წამოსული რომან გოცირიძე, რომლისთვისაც დღეს, კოალიცია "ლელოსთან" უფრო მარტივი წარმოსადგენია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი "გამარჯვების პლატფორმის" მეშვეობით მმართველი გუნდის დამარცხებას შეძლებენ.

"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს "გამარჯვების პლატფორმა". დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. დარწმუნებული ვარ ასეთი მრავალი იქნება, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება, ჩვენი ამოცანა იქნება მოვემსახუროთ ჩვენს ხალხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი "გამარჯვების პლატფორმა" საქართველოს დიდ გამარჯვებას და წინსვლას მოუტანს ევროპულ გზაზე.

"ზუსტად ამიტომ, ჩვენ შევქმენით ერთად "გამარჯვების პლატფორმა", რომელიც თქვენთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, "სტრატეგია აღმაშენებელთან" და სხვა ბევრ პატრიოტთან ერთად მოუტანს საქართველოს გამარჯვებას და დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხართ ყველანი. ჩვენ გადავდგით ეს პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ყველას ვუთხრათ - ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, ჩვენს წინ კი არის დიდი პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები