FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კავშირს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ფარას" დოკუმენტებმა კიდევ ერთი სკანდალი გამოავლინა, რაც გიორგი მარგველაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო კავშირს ესეხება.
"ზუსტად "რუსულმა კანონმა", რომელიც ამერიკაში მოქმედებს, მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო როგორი ორგანიზებული და ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. თურმე რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში, ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავსმოხვევა ევროპარლამენტის მიერ.
ზუსტად იგივე სიტუაცია არის პეტიციასთან დაკავშირებით. პეტიციის ტექსტი არ გახლავთ თავად გიორგი მარგველაშვილის მიერ შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების მიერ შედგენილი ტექსტია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს. ის როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს.
ერთმა უკმაყოფილო პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ მოქმედი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს არ ამბობს, არადა საინტერესო იქნებოდა მისი აზრის გაგება, რას ფიქრობს, როდესაც ასე გამჟღავნდა თუ რამხელა მანქანა იყო ჩართული იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს დისკრედიტაცია და მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის შანტაჟი. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ დისკრედიტაციის კამპანიაში. იმედი მაქვს, ამერიკის ელჩი გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.