"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინამდვილეში, არსებობს ხუთი-ექვსი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომლებიც რეალურად ყველა არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა".
"ჩვენ ისედაც ვამბობთ, რაც არის სიმართლე, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". სინამდვილეში, არის ხუთი, ექვსი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რეალურად ყველა ეს პარტია არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". სინამდვილეში, ისინი არიან ერთი პოლიტიკური ძალა და მათ ერთი საერთო აქვთ, რაც მთავარია, ისინი არიან უცხოელი აგენტები. შესაბამისად, რაც მეტი უცხოელი აგენტი მოიყრის თავს ერთ საარჩევნო სუბიექტში, მით უკეთესი. მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდება კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ასეთ შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ფორმალურ გაერთიანებასაც, ბუნებრივია, მივესალმებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო თანამშრომლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ფულის სანაცვლოდ პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
"მარგველაშვილიც ერთ-ერთია. თქვენ ნახეთ, ის პირდაპირ ფულის სანაცვლოდ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც უკავშირდება კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას. ასეთი კაცის სადმე გაერთიანებას რა ფასი ექნება, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ," – განაცხადა კობახიძემ.