რა თანამშრომლობა არსებობს გიორგი მარგველაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და ვიხილავთ თუ არა საარჩევნო ალიანსს - მას შემდეგ, რაც "ფარას" დოკუმენტებში ყოფილი პრეზიდენტის სახელი და გვარი აღმოჩნდა და გიორგი მარგველაშვილთან კავშირები ლევან ხაბეიშვილმაც დაადასტურა, თემა პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა.
ის პარტიები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავენ, აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტების ალიანსი გასაკვირი არ არის.
"თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, უნდა მოაწყო ისეთი, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მე ვხედავ ბატონ მარგველაშვილს არ კოალიციაშიც. კიდევ სხვებსაც ვხედავ, ყველა ნასხლეტი "ნაცი", რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს. ამით კი, "ნაცმოძრაობა"; ყოფილი პრეზიდენტების პარტია იქნება. ამ ფორმით არწმუნებენ საკუთარ ამომრჩეველს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
თავად გამარჯვების პლატფორმის წევრები კი აცხადებენ, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკოსისთვის კარი ღია რჩება.
"არათუ მარგველაშვილის, არამედ თითოეული ადამიანის შემოსვლა მნიშვნელოვანია ამ პლატფორმაზე. როდესაც საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ჩვენ ყველა პროდასავლურ ძალას მივესალმებით. მაგრამ ხვეწნა-მუდარას ვერავის დავუწყებთ და არავისზე დევნას არ ვაპირებთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.