უმრავლესობამ კონფერენციაზე სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია. "ქართული ოცნება" რეკომენდაციების ძირითად ნაწილს შესრულებულად აცხადებს და კონკრეტული პუნქტების ბოლომდე შესასრულებლად ევროკომისიიდან მეტ კონკრეტიკას ითხოვს. მმართველი გუნდი საუბრობს ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზეც.
"მეტი სიცხადეა საჭირო, რას გულისხმობს სიტყვა "დეოლიგარქიზაცია" და თუკი ეს საჭიროა, რომ გავაკეთოთ, როგორ შეიძლება გაკეთდეს, თუ არა კანონმდებლობით რაიმე პრობლემის დარეგულირება. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იბრძოლონ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ საქართველოს ხელისუფლება იყოს დამნაშავე ამაში, ეს არის მათთვის მთავარი მიზანი,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ "საშინაო დავალების" კარგად შესასრულებლად, ევროკავშირისგან გარკვეული საკითხების მეტად დაკონკრეტება აუცილებელია.
"რას ნიშნავს "დეოლიგარქიზაცია"? ჩვენ გვჭირდება უფრო მკაფიოდ, რას ნიშნავს სისტემური მიდგომა და რას ნიშნავს, რომ ეს არ უნდა ეხებოდეს კონკრეტულ ადამიანებს. არის გარკვეული შეკითხვები, მაგალითად, რას ნიშნავს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემის. ამ ყველაფერზე ჩვენ გვჭირდება ნიშნულები. ამ თვალსაზრისით მოახდინონ რაღაცნაირი კორექტირება და დაკონკრეტება იმისათვის, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს ამ საშინაო დავალების შესრულება,"-აცხადებს ბექა ოდიშარია.