"ბოდიშს მოვიხდი თუ ვინმეს სჯერა, რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ხაბეიშვილმა გადაწყვიტა" - ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა. ერთ ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ისევ არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები მერაბიშვილის და კეზერაშვილის გარეშე არ წყდება. ამასთან, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის შეურაცხყოფა უწოდა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის განხილვას. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ რიგებში კანდიდატს ვერ პოულობ. "დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ" - აცხადებს ნიკა მელია
ამ განცხადებებზე უკვე გააკეთა კომენტარი ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე არ აპირებს.
"რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოუცვლი, აუცილებლად გაჩერდება მისი ძრავა. ასევეა პოლიტიკაში - წარმოუდგენელია, ერთი და იმავე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი: თუ ასე გააგრძელებს მუდმივად ერთი მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას. კონკრეტული ადამიანები, პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუხილების, წუწუნის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ რაღაც გარკვეულ განცხადებებს, ეს მათი საქმეა, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.