"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და გიორგი ვაშაძეს შორის მოლაპარაკებებში თავად იყო ჩართული, თუმცა ამ პროცესში ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს არ შეხვედრია. ამით პაატა მანჯგალაძემ უპასუხა ნიკა მელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "გამარჯვების პლატფორმაში" პარტიების გაერთიანების თაობაზე გადაწყვეტილებას არა ლევან ხაბეიშვილი, არამედ მერაბიშვილი, ადეიშვილი და კეზერაშვილი იღებენ.
"ფიქრობ, რომ მე ყველაფერი კარგად გავაკეთე, მე საუკეთესო ვარ, შეუცდომელი ვარ, მაგრამ ვიღაცა ბოროტი ადამიანი უნდა იპოვო, დააბრალო იმ ბოროტ ადამიანს და მერე ეს ტვირთი გეხსნება. კარგი იქნება, თუ მალე დაივიწყებს ამ წყენას და შემოუერთდება ამ "გამარჯვების პლატფორმას." ჩვენ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობა ნიკა მელიასთან, კარგი იქნება, თუ ნიკა მელიაც გადაახტება ამ გაბრაზებას. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ურთიერთობას, პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში, ლევანს დიდი ხანია ვიცნობ. მე არ შევხვედრივარ არსად არც ვანო მერაბიშვილს, არც ადეიშვილს, არც კეზერაშვილს და როგორ ვრცელდება ეს გავლენები, ამაზეც არ მაქვს წარმოდგენა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი კი ამბობს, რომ სწორედ ოლიგარქიული გავლენებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი პარტიისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა "წითელი ხაზია."
"კეზერაშვილის გავლენას რაც შეეხება, როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს. ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ როგორც ჩანს, ყველას თავისი ოლიგარქი ჰყავს - ზოგს დიდი, ზოგს შედარებით პატარა. ეს ყველაფერი, ეს ფაქტები, რაც დაგროვილია და ზედაპირზეა, ჩვენთვის არის იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი, რომ ჩვენთვის "ნაციონალური მოძრაობა" "წითელი ხაზია," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
"რეფორმების" ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ურთიერთბრალდებები ოპოზიციის შიგნით საერთო საქმეს აზიანებს.
"ძალიან მძიმე ბრალდებებიც არის, მძიმე ურთიერთდაპირისპირებაც არის. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ - 5 ნომრის სიაში ნამდვილად არ განვიხილავ საკუთარ თავს. დამაზიანებელია ოპოზიციის მხრიდან ურთიერთბრალდებები იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით, მიუხედავად არსებული ძალიან ბევრი პრობლემისა და კითხვებისა,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა. თქვა, რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებით მოხდებოდა და მსგავსი საკითხები მათ გარეშე არ წყდება. ამასთან, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის შეურაცხყოფა უწოდა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის განხილვას. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ რიგებში კანდიდატს ვერ პოულობ.