"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ახალი არაფერი უთქვამს. მისივე შეფასებით, "ნაცმოძრაობის" ყოფილ და ახლანდელ თავმჯდომარეებს შორის დაპირიპირება არასერიოზულია და "პოლიტიკურ დახუჭობანას" ჰგავს.
"მელიას ახალი არაფერი უთქვამს. ბუნებრივია, რომ მათი ფინანსური მაქინაციებისთვის სურდათ ეს პარტია და მიიღეს კიდეც. ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური მმართველობაა, ზუსტად რომ ვთქვათ - "პრიგოჟინის პარტიაში", ეს სახეზეა.
იმის შემდეგ, რაც რუსული კანონის მეშვეობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ, პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ და როგორც ჩანს, პოლიტიკური დახუჭობანას თამაში გადაწყვიტეს. ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ეძებს ხაბეიშვილი, შემდეგ მელია გამოვარდება და ამბობს დაგასტუკეო. ახლა ვაშაძემ დაასტუკა ხაბეიშვილს, ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლის არჩევნებამდე. საბოლოო ჯამში, ამ რადიკალებს საქართველოს მოსახლეობა დაასრულებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა. თქვა, რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებით მოხდებოდა და მსგავსი საკითხები მათ გარეშე არ წყდება. ამასთან, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის შეურაცხყოფა უწოდა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის განხილვას. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ რიგებში კანდიდატს ვერ პოულობ.