15 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
არაფორმალური მმართველობა ისეთი უნდა "ნაცმოძრაობაში" რომ არის და ოლიგარქები ისეთი უნდა "ნაცმოძრაობაში" რომ არის - გურამ მაჭარაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას და გია ბარამიძის განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს ბარამიძის განცხადებები არ უკვირს და აცხადებს, რომ მან აღიარა ის, რაც საზოგადოებამ უკვე ისედაც იცის.

"ბარამიძე რომ გაბრაზდება, მაშინ ამბობს ხოლმე რეალურად, რაც არის და ამ შემთხვევაშიც, იგივე თქვა, რაც რეალურად ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - არაფორმალური მმართველობა ისეთი უნდა "ნაცმოძრაობაში" რომ არის და ოლიგარქები ისეთი უნდა "ნაცმოძრაობაში" რომ არის.

მელიას დაუპირეს პარტიიდან გაგდება, მან ცოტა ხნით მოითმინა, თქვა კიდეც გარკვეული ხნის შემდეგ ავლაპარაკდებიო და ალაპარაკდა - რომ არც წავა "ნაცმოძრაობიდან", არც დარჩება როგორც არის... დაპირისპირების მიზეზი არის, ვერ ინაწილებენ იმ ფულს, რომელიც ამ პარტიაში არის, ასევე, ვერ ინაწილებენ ძალაუფლებას. ამ დროს ეს ხალხი საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე, ეს ხალხი როგორ გაინაწილებს კოალიციური მთავრობის შექმნის დროს მინისტრის პორტფელებს?!" - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბარამიძის განცხადებები ახალი არაა არც მმართველი გუნდისთვის. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ბარამიძის სიტყვები მამხილებელი მტკიცებულებაა.

"საკმაოდ დაგვიანებული აღიარებაა საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, ისედაც თვალსაჩინო იყო. იმ ფონზე, როდესაც პარტიის გაგრძელება მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობს, ღიად თვითონ საუბრობს ამასთან დაკავშირებით, ასეთ დროს გასაგებია, რასაკვირველია, შეუძლებელია დაიფაროს ასეთი გარემოება და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბატონ ბარამიძეს ახალი არაფერი უთქვამს. მაგრამ, რასაკვირველია, ეს არის ერთ-ერთი მამხილებელი მტკიცებულება ამ პოლიტიკური გუნდებისა, თუ რა მორალურ და ღირებულებით სისტემაზე არის დაფუძნებული მთელი მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობა," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილის გავლენებზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ღიად საუბრობენ - გია ბარამიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პარტიაში ძალაუფლება აქვს და ამისთვის ფინანსურ რესურსებს ხარჯავს. ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესაც აკრიტიკებს და უკვირს, რატომ აღიზიანებს ნიკა მელიას პარტიაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის გავლენები. ბარამიძე მელიას უკვე პირდაპირ ეუბნება, რომ პარტია დატოვოს.

 

 

დღის ამბები