15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
შესაძლოა, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ჩრდილი მიადგეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას - გიორგი ვოლსკი

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საელჩოს თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია "ფარას" დოკუმენტებში ფიგურირებდა, რომელიც შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც "ფარას" დოკუმენტებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ეხება, სულ სამი ვერსია განიხილება.

"სულ შეიძლება იყოს სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს საელჩო და სწორი პოლიტიკური დამოკიდებულებაა, რომ ეს არ მომხდარა. მეორე ვარიანტია, რომ ეს ადამიანი (საელჩოს თანამშრომელი) მოხსენიებული იყო თაღლითური მიზნებით ანუ ლობისტებმა ამაზე ფული გააკეთეს, როგორც ბინძურად იტყვიან და მოიხსენიეს ადამიანი, რომელსაც კავშირი არ აქვს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობასთან და არსებობს მესამე, უფრო სერიოზული, კონსპირაციული ვარიანტი, რომ ვიღაც დაინტერესებულია საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები შეიბღალოს ამ საკმაოდ სკანდალური თემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მიიღება, რადგან ეს ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით". განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.

 

დღის ამბები