"ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი, ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით, სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან დისტანცირდება.
"სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი დაადასტურა, რომ ამგვარი აქტიურობა, ძირითადად, არა ბუნებრივი ინტერესით იყო გამოწვეული, არამედ - წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული.
ნათლად დავინახეთ, რომ ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი, ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით, სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა.
დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ტაქტიკები თანამედროვე დემოკრატიებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან.
ამ პირობებში, თავისთავად, განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
ამიტომ, ახსნა-განმარტების ვალდებულება ახლა ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომლებიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან.
ღირებულებებისადმი ერთგულება გვკარნახობს, რომ ასეთ დროს, ყველაზე სწორი გზა ლეგიტიმურ წუხილებზე ამომწურავი პასუხების გაცემა და სამომავლოდ მეტი ღიაობის უზრუნველყოფაა. მეგობრობას გულწრფელობა აძლევს სიმყარეს," - წერს შალვა პაპუაშვილი.