ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის მიმდინარე რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მასთან ერთად, ასოციაციის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.
შეხვედრა გახსნა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. შეხვედრის ფარგლებში, გაკეთდა პრეზენტაცია კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის.
საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური კითხვები.