ოპოზიციის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან საჯარო პოლემიკა ქვეყნის ინტერესების შესაბამისი არ არის. ეს შეფასება "ფარას" დოკუმენტში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდება, სადაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის გვარი ფიგურირებს.
"მე არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი საჯარო პოლემიკა ქვეყნის ინტერესების შესაბამისია, არც იმას ვფიქრობ, რომ აშშ-ის ელჩი აქ რაიმე ტიპის გადატრიალებას აწყობს. შესაბამისად, მთელი ეს პროპაგანდა მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებისაკენ, რომელიც ძალიან კარგად ჯდება რუსეთის ინტერესებში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული პოზიცია მისთვის გასაგები იყო. მისივე თქმით, ეს მორიგი თავდასხმაა პერსონალურად კელი დეგნანზე.
თავად კელი დეგნანი კი აცხადებს, რომ არც ამერიკის საელჩო და არც მათი თანამშრომელი, სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაში არ მონაწილეობდნენ.
ავტორი: ანუკა ბუავა.