ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბრადია საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, შესაბამისი განცხადება გააკეთოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
ამ თემაზე აქუბარდიამ დღეს, პარლამენტში ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.
"ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რითიც სოხუმის აეროპორტი 49 წლით გადაეცა რუსეთს, არამხოლოდ რეკონსტრუქციისთვის, არამედ საუბარია 10 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და ეს არის მორიგი ანექსიის ფაქტი. მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს და მოვითხოვ მისგან, რომ გაკეთდეს შესაბამისი დამგმობი განცხადება ამ ანექსიურ პროცესთან დაკავშირებით, ისევე როგორც საჯარო მოწოდება სტრატეგიულ პარტნიორებზე, იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი იყოს სათანადო დონეზე პარტნიორების მხრიდან უზრუნველყოფილი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
აქუბარდიას გია ვოლსკიმ უპასუხა. ვიცე-სპიკერის თქმით, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც სოხუმის აეროპორტის საქმიანობა ვერ ჯდება.
"საკმაოდ დიდი ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს, ბიუჯეტიც დათვლილია, თუმცა არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერანაირად ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა. ასე რომ ჯერჯერობით, ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა შენარჩუნებული. ყველაფერი დროებითია, მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთულია და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.