19 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
დეოკუპაცია გრძელდება - უკრაინული დროშა ნახევრად ოკუპირებულ ზაპოროჟიეს კიდევ ერთ სოფელში აფრიალდა, სამხედროებმა სტარომაიორსკოე გაათავისუფლეს

დეოკუპაცია გრძელდება, უკრაინული დროშა ნახევრად ოკუპირებულ ზაპოროჟიეს კიდევ ერთ სოფელში აფრიალდა, სამხედროებმა სტარომაიორსკოე გაათავისუფლეს, ახლა კი დასახლებულ პუნქტში წმენდის ოპერაცია მიმდინარეობს. თითოეული სანტიმეტრისთვის უწევთ ბრძოლა უკრაინელებს ბახმუტშიც, სადაც საოკუპაციო ძალამ არტილერიის დიდი ნაწილი გადაისროლა. ქალაქისთვის ბრძოლას გუშინ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე არჩილ დევრისაშვილი დაიღუპა, ის უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა.

საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციის პარალელურად კიევის დარტყმების განხორციელებას რუსეთის სიღრმეშიც ცდილობს, მიზანი კვლავ მოსკოვია, სადაც გვიან ღამით კიდევ ერთი დრონი შეფრინდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კიევი, რომელიც მუდმივად ითხოვს დასავლურ შეიარაღებას სექტემბერში 31 ამერიკულ ტანკ აბრამსს მიიღებს. ამ დრომდე უცნობი რჩება გადასცემს თუ არა ვაშინგტონი ქვეყანას ავიაგამანადგურებლებს, მიუხედავად დაპირებისა შტატებს ჯერ კიდევ არ დაუწყია უკრაინელი პილოტების გადამზადების პროგრამა.

სტარომაიორსკე კიევის კონტროლს დაუბრუნდა. დონეცკის ოლქის სოფლისთვის ბრძოლა თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. საბოლოოდ, საოკუპაციო ძალამ პოზიციები დათმო. ახლა უკრაინელი სამხედროები ე.წ. გაწმენდით ოპერაციას ატარებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული არმიის პოზიციები დასუსტებულია. შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ უახლოეს დღეებში უკრაინული დროშა რამდენიმე კილომეტრში მდებარე სტარომლინკას დასახლებაშიც აღიმართება.

ინტენსიური ცეცხლი იყო ფრონტის მთელ ხაზზე. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, წინსვლა აქვთ ბახმუტის მიმართლებით. მძიმე შეტაკებებია კლიშეევკას მისადგომებთან. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალას დიდი დანაკარგი აქვს, როგორც ცოცხალი ძალის, ისე მძიმე ტექნიკის კუთხით.

აგრესორის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინელების მორიგ საჰაერო შეტევაზე საუბრობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მოსკოვის თავზე უკრაინელების რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. თუმცა, კადრები უწყებას არ გაუვრცელებია. მანამდე ინტერნეტში ოკუპირებული შახტერსკის ნავთობბაზაზე იერიშის კადრებს ავრცელებენ უკრაინული ტელეგრამ - არხები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოფიციალური კიევი არ იღებს.

საოკუპაციო ძალა კვლავ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორზეა ორიენტირებული. რუსმა ჯარისკაცებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. ცეცხლი გაუხსნეს ასევე, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს. დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა ხერსონოს ოლქზე საარტილერიო შეტევის შედეგად.

საჰაერო თავდაცვის სისტემები არა, მაგრამ "აბრამსის" ტანკები უკრაინაში შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდეს. ამის შესახებ "პოლიტიკო" იუწყება. პირველ ეტაპზე საუბარია 8 ერთეულზე. საერთო ჯამში კი ვაშინგტონი კიევს 31 ტანკს გადასცემს.

დღის ამბები