საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პეკინში გაემგზავრა, იქამდე კი ისტორიულ ვიზიტს ხელშესახები შედეგები უკვე მოჰყვა.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ადის, რაც ცნობილი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე გაკეთდა. ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს წლებია, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების მომხრეა.
ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ ჩენდუში ზაფხულის 31-ე მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნას დაესწრო. ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, მაღალი დონის სტუმრებს კი პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. წელს მსოფლიო თამაშებში 40 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.